თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერაზმუს+-ის პროექტში - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების დანერგვის გზით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერაზმუს+-ის პროექტში - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების დანერგვის გზით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2019 წლიდან მონაწილეობს ევროკავშირის  ერაზმუს+-ის პროექტში „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების დანერგვის გზით“. პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მის განხორციელებაში ჩართულია თორმეტი ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის ადმინისტრირებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ პროექტის მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი, ვიცე რექტორი პროფესორი სოფიო ბახტაძე, ერაზმუს+-ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ბეროშვილი, ასისტენტ-პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი და ქსელის ადმინისტრატორი აკაკი კარსანიძე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კვლევის მენეჯმენტის ერთიანი პლატფორმა, რომლის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების ადმინისტრირების მხარდაჭერა, შესაბამისად კი, კვლევის ხარისხის ამაღლება და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. პლატფორმის დანერგვა მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

კვლევის მენეჯმენტის ერთიან ბაზაში რეგისტრირდებიან ქართველი მეცნიერები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არა მარტო  კვლევითი აქტივობების შესახებ, არამედ ასახულია მონაცემები მათი კლინიკური საქმიანობის შესახებაც. შესაბამისად, ერთ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია ხელს შუწყობს კვლევითი პროექტების დაგეგმვას, კვლევითი პრიორიტეტების დადგენას და სტრატეგიული გეგმის სწორად დასახვას. ამჟამად, პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებულია თსსუ-ის 159 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პორტალიც, რომლის მიზანია სამეცნიერო პროექტების და მასში ჩართული მკვლევარების ხილვადობის გაზრდა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. 

პორტალზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტს ნონა ჯანიკაშვილს: ელ-ფოსტა: n.janikashvili@tsmu.edu.