თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი დასაქმების ფორუმი გაიმართა

 
   

2018 წლის 28 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, პირველი დასაქმების ფორუმი გაიმართა.  ფორუმზე, 200-მდე განსხვავებული ვაკანსიით, წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი წამყვანი ჰოსპიტალური გაერთიანებები, კერძო კლინიკები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე რეზიდენტები, მაგისტრანტები, კურსდამთავრებულები გაეცნენ კომპანიებს და მათთვის საინტერესო ვაკანტურ პოზიციებზე წარადგინეს საკუთარი კანდიდატურა.

ფორუმის მთავარი მიზანი, უნივერსიტეტის მიერ დასაქმების ხელშეწყობა იყო. როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ აღნიშნა, ინიციატივა სასარგებლო იყო, როგორც სტუდენტებისა, თუ კურსდამთავრებულებისათვის ასევე, დამსაქმებელი კომპანიებისა, თუ კლინიკებისათვის:

„დასაქმების ფორუმის ორგანიზება ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და ორმხრივად კარგი პროცესი. ვინაიდან სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულებისთვის მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება, ხოლო კომპანიების ინტერესი მათთან წარმატებული კადრების დასაქმებაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი არის ის უმაღლესი სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები მაღალი რეიტინგით სარგებლობენ და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან“.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.

„დასაქმების ფორუმში დაინტერესებული სტუდენტების, რეზიდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობა მოსალოდნელზე მაღალი იყო, შესაბამისად, ვგეგმავთ, რომ ფორუმს პერმანენტული ხასიათი მიეცეს და ყოველ სასწავლო სემესტრში ერთხელ განხორციელდეს. დასაქმების ხელშეწყობა თსსუ-ის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მიმართულებიდან გამომდინარე, ჩვენ უზრუნველვყოფთ ურთიერთობების გაღრმავებას პოტენციურ დამსაქმებლებსა და ჩვენს სტუდენტებს, რეზიდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს შორის“ - განაცხადა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა,  გიგა სორდიამ.

იხილეთ ipn-ის სტატია
იხილეთ ვიდეო