თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად,  „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებული გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებული გახდა

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით „სტუდენტური ფესტივალი 2023“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 16 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები  (ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა, საესტრადო სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, ბენდების კონკურსი) ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს.

თსსუ-ის სტუდენტების მიერ მოპოვებული ინდივიდუალური სპორტული მიღწევებია:

მაგიდის ჩოგბურთში ოქროს მედალი - გიორგი ლიპარტიას ერგო.

ჭადრაკში გამართულ შეჯიბრზე მეორე ადგილი გოგონებს შორის სალომე ხუცურაულს ხვდა წილად. შაშში მეორე ადგილი: გოგონებში - ანა მაისურაძემ, ვაჟებში ალექსანდრე ჩიქოვანმა, მესამე ადგილი კი მამუკა სიდამონიძემ დაიკავეს. ძიუდოში - 73  კგ. წონითი კატეგორია - ვერცხლის მედლის მფლობელი თორნიკე გრიგალაშვილი გახდა.

სპორტის გუნდურ სახეობებში კი თსსუ-ის ჩოგბურთის, ფრენბურთისა და კარტინგის გუნდები ვერცხლის, ხოლო კალათბურთის (3X3) გუნდი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

ტრადიციულად, პირველობა არავის დაუთმო თსსუ-ის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულმა ანსამბლმა „ქართული ფოლკლორი“, რომელმაც პირველი ადგილი (საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტთანე ერთად) ორ ნომინაციაში - საუკეთესო ქართულ ცეკვასა და საუკეთესო ხალხურ სიმღერაში მოიპოვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა სალომე ხუჯაძემ პირველი ადგილი მოიპოვა საესტრადო (სოლო) სიმღერაში, ასევე პირველი ადგილის მფლობელი თანამედროვე ცეკვებში გახდა თსსუ-ის  ცეკვის ანსამბლი ,,ვეგა“, ხოლო ბენდების კონკურსში  თსსუ-ს  მესამე საპრიზო ადგილი ხვდა წილად. 

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალის ჟიურისა და ორგანიზატორების მიერ დასახელდნენ როგორც ყველაზე ორგანიზებული გულშემატკივრები.

საბოლოოდ, სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებული გამარჯვებების მიხედვით ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებმა. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად სწორედ აღნიშნული სამი უმაღლესი სასწავლებელი დასახელდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას.