თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიადის გამარჯვებული გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიადის გამარჯვებული გახდა

2022 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით ჩატარდა "საქართველოს უნივერსიადა - 2022", რომელშიც 34 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი "საქართველოს უნივერსიადა 2022"-ის გამარჯვებული გახდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყველაზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

თსსუ-ის სტუდენტების მიერ მოპოვებული ინდივიდუალური მიღწევებია:

ჭადრაკში გამართულ შეჯიბრზე პირველი ადგილი გოგონებს შორის სალომე ხუცურაულს, ხოლო ვაჟებში მეორე ადგილი გიორგი კუხალეიშვილს ხვდა წილად.

ბადმინტონში პირველი ადგილი: გოგონებში - ირინე კირკიტაძემ, ვაჟებში - ჰარი შანკარ დურაისამიმ, მეორე ადგილი შარი ტონ ვინსენტმა(გოგონებში),  მესამე ადგილი კი სუნდარ ვემულა მურალმა (ვაჟებში) დაიკავეს.

სამ სპორტულ სახეობაში (ქართული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო - 73  კგ. წონითი კატეგორია) ჩემპიონი თორნიკე გრიგალაშვილი გახდა და მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამი ოქროს მედალი მოუტანა.

მაგიდის ჩოგბურთში ოქროს მედალი - გიორგი ლიპარტიას, ვერცხლის კი ნინო ცოცხალაშვილს ერგო.

სპორტის გუნდურ სახეობებში კი თსსუ-ის მაგიდის ჩოგბურთისა და ბოულინგის გუნდები ოქროს, ხოლო კალათბურთის გუნდი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

‘’საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიალი ქ.თბილისის საკრებულოში გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები. 

“ეს ჩვენი სტუდენტების ძალიან დიდი გამარჯვებაა. თუ აქამდე ვამაყობდით იმით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ბარიერის არსებობის გამო ჩვენთან საქართველოს ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი სწავლობს, დღეიდან უნდა ვიამაყოთ იმითაც, რომ ჩვენ, ასევე, გვყავს საუკეთესო სპორტსმენები და ჩვენმა სტუდენტებმა იციან ცხოვრების ჯანსაღის წესის ფასი“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ დიდ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.