თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ კონფერენციაზე

2022 წლის 13-16 სექტემბერს ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთი)  ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) 32-ე, ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა ჩატარდა. კონფერენციის  მუშაობაში აქტიური მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაცია (EAIE)  დაარსდა 1989 წელს და იგი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ევროპული ცენტრია. წლევანდელი ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო და მას ესწრებოდა  6300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან, საგამოფენო სივრცეში კი 200-ზე მეტი დაწესებულება იყო წარმოდგენილი. 

კონფერენციის მსვლელობისას, თსსუ-ის დელეგაციის წევრები დაესწრნენ საინტერესო სესიებს და პლენარულ სხდომებს, სადაც განხილული იყო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის აქტუალური საკითხები, სტრატეგიები და სამომავლო ხედვები. კონფერენციის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტმა მიშელე სტიუარტმა წარადგინა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი - პიტ ვან ჰოვი, რომელიც აირჩიეს მომდევნო 2 წლის ვადით (2022-2024). დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ რომის საპიენსას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის (UNICA) პრეზიდენტს, პროფესორ ლუჩიანო სასოს და UNICA-ს ბრიუსელის ოფისის კოორდინატორ ლაურა ბროსიკოს. იტალიურმა მხარემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგატებს გააცნო AAHCI-ში (საერთაშორისო აკადემიური ჯანმრთელობის ცენტრების ალიანსი) გაწევრიანების შესაძლებლობები და გამოთქვა თსსუ-სთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. 

ვიზიტისას თსსუ-ის დელეგატებს საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ EAIE-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტ პიტ ვან ჰოვთან. შეხედრისას განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, დაიგეგმა თსსუ-ის აქტიური ჩართულობა მომდევნო წლის კონფერენციაზე - EAIE-2023, რომელიც 2023 წლის 26-29 სექტემბერს ქ.როტერდამში (ჰოლანდია) ჩატარდება.