თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი სტომატოლოგთა ევროპულ სამიტზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი სტომატოლოგთა ევროპულ სამიტზე

2023 წლის 21-28 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, პროფესორი  მარინა მამალაძე, ასოცირებული პროფესორები: ნინო ჭიპაშვილი და ლია სანოძე, მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი  მანანა უსტიაშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ სიფილდში (ავსტრია) სტომატოლოგთა ევროპულ სამიტზე, რომელიც ორგანიზებული იყო კორპორაცია Ultradent-ის (აშშ) მიერ. 

სამიტი ეძღვნებოდა დარგის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კბილთა რესტავრაციისა და ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიმართულებები, კბილთა გათეთრების პროცესში წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, თანამედროვე სტომატოლოგიური მასალები. აღნიშნული საკითხები ფართოდ გააშუქეს აღიარებულმა საერთაშორისო სპიკერებმა: პროფესორმა რენალო მიატო პალომ (ბრაზილია) და დოქტორმა რაფაელ დე სილვა ბიოლჩიმ (პორტუგალია). 

Ultradent-ის ევროპული სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა პრაქტიკულ კურსს (hands-on), სადაც სტომატოლოგებს საშუალება ჰქონდათ სავარჯიშო მოდელებზე ჩაეტარებინათ კბილთა რესტავრაცია დოქტორ რაფაელ ბიოლჩის მიერ შემოთავაზებული მოდიფიკაციით. 

,,ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახალი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება კბილის მათეთრებელი სისტემების შედგენილობისა და კბილის ქსოვილებზე მათი ზემოქმედების შესახებ. ასევე, თანამედროვე ფოტოპოლიმერიზაციული ნათურების შესაძლებლობების განხილვა, ფოტოინიციატორების დიფერენცირება, პოლიმერიზაციის რეჟიმის დადგენა და სხვა“,  აღნიშნავენ თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები.