თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ვიზიტი სლოვაკეთსა და გერმანიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ვიზიტი სლოვაკეთსა და გერმანიაში

2023 წლის 12 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები სამუშაო ვიზიტით  სლოვაკეთისა და გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.

სლოვაკეთში, ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორ შალვა ზარნაძისა და ასოცირებულ პროფესორ ირინე ზარნაძის მიერ წაკითხული იქნა სალექციო კურსი: კვების მეცნიერების, მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებისა და მაჩვენებლების შესახებ. ვიზიტისას თსსუ-ის პროფესორები შეხვდნენ ნიტრას უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე სიროტკინს, რომელთან ერთადაც დაგეგმეს მიმდინარე სასწავლო წელს განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის დოქტორანტების მობილობის საკითხები.

21 თებერვლიდან სამუშაო შეხვედრები გაიმართა გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკაში. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორები: ლევან ბარამიძე, შალვა ზარნაძე, ასოცირებული პროფესორები: დევი ტაბიძე, ზურაბ სიხარულიძე, ირინე ზარნაძე, მოწვეული მასწავლებელი ლია გუმბარიძე. 

სამუშაო შეხვედრა შედგა ბონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვალტერ ბრუხჰაუზენთან, ასევე მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ბერნარდ ვებერთან. შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ დელეგაციას გააცნო ბონის უნივერსიტეტის ისტორია, სწავლების ძირითადი მიმართულებები და ასპექტები. განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის აღსანიშნავია გერმანული მხარის დიდი დაინტერესება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან კოლაბორაციული კვლევების განხორციელების მიმართულებით.  შეხვედრებზე, ასევე, დაიგეგმა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და  სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების  ვიზიტის  საკითხები. თსსუ-ის დელეგაცია სტუმრობდა ბონის უნივერსიტეტის კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს, პროფესორ ვოლფგანგ ჰოლსგრივს, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია ბონის საუნივერსიტეტო კლინიკების ქსელისა და იქ მიმდინარე სამეცნიერო მუშაობისა და თანამედროვე მიღწევების შესახებ. 

24 თებერვალს, კი, შედგა  სამუშაო შეხვედრა ფრენზაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დეკანთან, პროფესორ პეტერ  ჯ. ვებერთან და დეკანის მოადგილესთან, პროფესორ ფილიპ ვალტერთან. 

ამ ვიზიტის შედეგები ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პერსპექტივების განვითარებას, ასევე, თსსუ-ის სამეცნიერო პოტენციალის და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას.