თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

2023 წლის 3-5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასთან ერთად, ტრადიციული იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმი გამართა. 

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას: საქართველოს XII ეროვნული კონგრესი ალერგია, ასთმასა და იმუნოლოგიაში; ასთმისა და ფქოდის ევროპის VIII კონგრესი; II  საერთაშორისო კონგრესი "კორონავირუსული ინფექცია - COVID-19"; ალერგიის მსოფლიო სკოლა.

ფორუმი მიმდინარეობდა პლენარული სესიების ფორმატში. ასევე გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმები, სემინარები. ღონისძიების პროგრამის ნაწილი დაეთმო ალერგიის სკოლას, ასევე საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის სესიებს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიასთან ერთად. განხილულ იქნა ფუნდამენტურ და კლინიკურ იმუნოლოგიაში ჩატარებული უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგები, ასევე, იმუნოპათოლოგიური დაავადებების კლინიკური მართვა და უკანასკნელ წლებში პრაქტიკაში დანერგილი ახალი მიღწევები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ ტრადიციული ფორუმი საქართველოში მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ასევე, ახალი პროფესიული კავშირების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობაა.

„ასეთი წარმომადგენლობითი სახის კონგრესი დიდი ხანია არ გამართულა. საამაყოა ისიც, რომ ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი სპიკერები, რომლებმაც წაიკითხეს ლექციები ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის თანამედროვე პრობლემებზე. აღნიშნული ფორუმი იძლევა ახალი პროფესიული კავშირების დამყარების საშუალებას და, რა თქმა უნდა, დიდ ბიძგს მისცემს იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფორუმის ფარგლებში აღინიშნა იმუნოლოგიის საერთაშორისო დღე, ასთმის მსოფლიო დღე და ალერგიის მსოფლიო კვირეული. ტრადიციულად, თსსუ-ის მუდმივი პარტნიორობითა და ხელშეწყობით, თბილისი მასპინძლობს საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმის პრეზიდენტი გახლდათ საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მსოფლიო იმუნოპათოლოგიის ორგანიზაციის პრეზიდენტი აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი. თანათავმჯდომარე კი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, რომელიც ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO) განათლებისა და ტრენინგის კომიტეტის წევრია. 

როგორც პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა განაცხადა, კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი ექიმების პირისპირ კომუნიკაციისთვის უცხოელ მეცნიერებთან.

„ფორუმი ეხმიანება ძალიან მნიშვნელოვან დღეებს: საერთაშორისო იმუნოლოგთა დღეს, ასთმის დღეს, ასევე მსოფლიო ალერგიის კვირეულს. ღონისძიება ემსახურება იმუნოლოგიის მიღწევების გავლენის შესახებ სამედიცინო საზოგადოების ინფორმირებას, ასევე ამ მიღწევების გავლენას ჯანდაცვის სისტემაზე. ფორუმის ფარგლებში მოვისმინეთ ისეთი საკითხები, რომელიც კლინიკურ პრაქტიკაში ახლახან დაინერგა ან სამომავლოდ დაინერგება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფორუმზე განსაკუთრებით დიდი ინტერესი იყო მონაწილეთა მხრიდან, კონგრესზე დასასწრებად 700-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა“, - განაცხადა პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისში მეორედ ჩატარდა მსოფლიო ალერგიის სკოლა, რომელსაც უძღვებოდნენ ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ტრენერები.

ფორუმში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები, ევროპის, მსოფლიო და ამერიკის პროფესიული ასოციაციების ლიდერები: მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის (WAO) პრეზიდენტი, პროფესორი ბრაიან მარტინი (აშშ); WAO-ს დირექტორთა საბჭოს წევრები, პროფესორი ადნან კუსტოვიჩი (დიდიბრიტანეთი) და პროფესორი მაიკლ ლევინი (აშშ); ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიის (ЕАACI) პრეზიდენტი სტეფანო დელ ჯაკო (იტალია), ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი მოჰამედ შამჯი (დიდი ბრიტანეთი); იმუნოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებების გაერთიანების (IUIS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მიქაელ რეტკლიფი (კანადა).