თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  საქართველოს მთავრობის წევრებმა იუბილე მიულოცეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის წევრებმა იუბილე მიულოცეს

უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს დაარსებული სამკურნალო ფაკულტეტიდან იწყება. სწორედ ამ ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით სამკურნალო ფაკულტეტი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 1930 წლის 10 ივნისს დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლის სახით დაარსდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს. პანდემიამ ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი. სწორედ ასეთ კადრს ამზადებს სამედიცინო უნივერსიტეტი და ამაყობს კიდეც თავისი აღზრდილი ექიმებით.... ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, კურსდამთავრებულსა და სტუდენტს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას” - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

„მსურს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისინი ჭეშმარიტად ჩვენი დროის გმირები არიან. სწორედ ჩვენი ექიმები აღმოჩნდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, მათ შორის დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ კორონავირუსის ეფექტიანად მართვას არა მხოლოდ ღვაწლმოსილი პროფესორები, არამედ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ სახელოვან თაობას აღზრდის, რომლებიც თავდადების ისეთივე მაგალითს აჩვენებენ, რისი მომსწრენიც პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ერთად გავხდით“ - აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია მადლობას უხდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს მილოცვის, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის.