თსსუ-ში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა

თსსუ-ში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა

2024 წლის 23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, კანცლერმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორებმა. ასევე, სტუდენტებს წარმატებები უსურვეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ვლადიმერ კახაძემ; საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა: ქალბატონმა თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გორდონ ჩეჩვორდმა (აშშ); მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა მაურო ლაბანკამ (იტალია); თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სიტყვით გამოსვლისას სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

„ძვირფასო პირველსემესტრელებო, დღეს იწყება ახალი, ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. დღეს თქვენ იწყებთ თქვენს მიერ არჩეული პროფესიის დაუფლებას. გილოცავთ, რომ გახდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. როგორც უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი, მადლობას გიხდით ჩვენი უნივერსიტეტის არჩევისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ეს არის სამედიცინო განათლების ყველაზე მძლავრი და ყველაზე საუკეთესო, ამავდროულად დიდი ტრადიციების მქონე კერა საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია საუკეთესო აკადემიური პერსონალით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ეს არის მუდმივად განვითარებაზე მომართული ინსტიტუცია, რომლის მთავარი მიზანია სწავლის და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე უწყვეტი ზრუნვა. 

ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი მისია არის სამედიცინო განათლებაში ახალი ცოდნის შექმნა და გავრცელება. თქვენ, ჩვენი სტუდენტები ხართ ამ ცოდნის მიმღები. ამდენად, ამ საკითხში  ორი მხარე არ არსებობს, ჩვენ ერთნი ვართ, ვართ პარტნიორები და პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო კადრების მომზადება. მინდა, ეს გახსოვდეთ და იცოდეთ, რომ თქვენი უნივერსიტეტი, მისი აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, ყოველთვის თქვენი მხარდამჭერი და საყრდენი იქნება.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას გისურვებთ“, -განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ღონისძიების მიმდინარეობისას, პირველსემესტრელებს შეხვდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი ასისტენტ პროფესორი მედეა ჯღარკავა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თსსუ-ში ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი დააჯილდოვა, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე - ლაზარე ბაბუნაშვილს კი განსაკუთრებული საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა. განსაკუთრებით ემოციური იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი - ვიდეორგოლი ლაზარე ბაბუნაშვილის წარმატების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბენდმა მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინა, ღონისძიების დასასრულს კი გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.