თსსუ-ში შიდსის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

თსსუ-ში შიდსის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

2024 წლის 6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შიდსის მსოფლიო კვირეულის ეგიდით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  უნივერსიტეტს ეწვივნენ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლები - ექიმები: მაია ცინცაძე და ქეთევან შერმადინი და ექთანი თეონა თოდაძე. 

სტუმრებმა ისაუბრეს აივ ინფექციისა და  შიდსთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებზე. 

,,ათეული წლებია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია აივ/ შიდსის საკითხებზე, რომელიც ჩვენი ეპოქის ეპიდემიად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ამ დიდი გამოწვევის საპასუხოდ განუზომლად დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, აივ ინფიცირების შემთხვევების შემცირება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სიკვდილობის შემთხვევების დასრულება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შიდსის მსოფლიო კვირეული ხაზს უსვამს საერთაშოროსო საზოგადოების, თემებისა და ინდივიდების ჩართულობის მნიშვნელობას ცვლილებების მისაღწევად, რომელიც აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ქალბატონმა მაია ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ თარიღი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ არის ინიცირებული და მას მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა (მათ შორის საქართველოც) უერთდება.

საგულისხმოა, რომ ღონისძიების ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა სწრაფი ტესტი აივ ინფექციაზე.

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დავით ზარნაძის თქმით, ფაკულტეტი ხელს შეუწყობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დაწესებული თარიღების აღნიშვნას სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით. 

ღონისძიება თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით  და თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით განხორციელდა.