თსსუ-ში პროფესორ შამშე ქევანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

თსსუ-ში პროფესორ შამშე ქევანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

2022 წლის 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში პროფესორ შამშე ქევანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა გაიხსენეს პროფესორი, ხაზი გაუსვეს მის მრავალმხრივ ნიჭიერებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ. აღინიშნა, რომ მის ლექცია-პრაქტიკულებს სტუდენტები განსაკუთრებული ინტერესით და ხალისით ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროფესორ შამშე ქევანიშვილს მრავალჯერ აქვს მოპოვებული საუკეთესო პედაგოგის წოდება. 

პროფესორი შამშე ქევანიშვილი მუშაობდა ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. იგი  სიცოცხლის ბოლომდე  ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას. 

პროფესორ შამშე ქევანიშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი კათედრის კლასიკური ანატომიური მუზეუმის შექმნაში. მის მიერ დამზადებულია მრავალი სველი და კოროზიული პრეპარატი, რომლებიც დღემდე ამშვენებს კათედრის მუზეუმს. 

პროფესორი შამშე ქევანიშვილი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიისა: „ღვიძლის სისხლძარღვთა ქირურგიული ანატომია“ (1969წ.) და „კარის ვენის გამოთიშვის შედეგები ექსპერიმენტში“ (1974წ).   ამ ნაშრომებში მას გაშუქებული აქვს   ღვიძლზე ორიგინალური განაკვეთების საკითხები, ასევე დასაბუთებული აქვს კარის ვენის ღვიძლშიდა ტოტებს შორის ანასტომოზების განვითარების შესაძლებლობა, ერთი ან რამოდენიმე ტოტის ოკლუზიის დროს. დღეს, როდესაც ჰეპატოლოგიის დარგის მკვლევარების სამეცნიერო მიღწევები უკვე ფართოდ ხელმისაწვდომია, უტყუარი გახდა, რომ პროფესორ შამშე ქევანიშვილის აღნიშნულ სამეცნიერო აღმოჩენას ანალოგი არ გააჩნია.

ხსოვნის საღამოს დასასრულს კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში პროფესორ შამშე ქევანიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, პროფესორ შამშე ქევანიშვილის მოსწავლეები და ოჯახის წევრები.