თსსუ-ში  სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორია გაიხსნა

თსსუ-ში სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორია გაიხსნა

2023 წლის 25 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე გაიხსნა სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორია. გახსნას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის თანამშრომლები და  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები: ჟაკლინ როდრიგეზ გონზალესი - საქართველოს რეგიონული კოორდინატორი სასამართლო ანთროპოლოგიის საკითხებში, ანდრეს პატინო უმა - სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტი და პოლ დუგლას ემანოვსკი - სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტი. 

სტუმრებმა, აგრეთვე, მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის მუზეუმი და პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ლაბორატორიები. 

ახლადგახსნილ სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში ამჟამად უკვე  მიმდინარეობს „აღდგენის, დოკუმენტაციისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“ / GRDIP (Georgian Recovery, Documentation and Identification Project), რომელიც ეძღვნება 1930-იან წლებში აჭარაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების შესწავლას, მათში არსებული ინდივიდების სასამართლო ანთროპოლოგიურ გამოკვლევასა  და იდენტიფიცირებას.  პროექტი ხორციელდება „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოცაციის“, ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), თისაიდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), პემორარიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სასამართლო ანთროპოლოგიის დეპარტამენტებისა და სასამართლო გენეტიკის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა და მისი ამოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია  სასამართლო ანთროპოლოგიური კვლევების განვითარებისათვის.