თსსუ-ის თეატრალური დასის „ჰიგია“ წარმატებული პრემიერა ფესტივალზე „ნიღაბი 2024“

თსსუ-ის თეატრალური დასის „ჰიგია“ წარმატებული პრემიერა ფესტივალზე „ნიღაბი 2024“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ კიდევ ერთი წარმატებული სპექტაკლი წარადგინა. ფესტივალის „ნიღაბი 2024“ ფარგლებში, დასმა ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედიური პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხანუმა“ ითამაშა. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.

მუსიკალური პიესა „ხანუმა“ აღწერს მე–19 საუკუნის ძველი თბილისის ცხოვრების კოლორიტულ ეპიზოდებს, რომლის სასცენო განსხვავებული ვერსია თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, დასის დამაარსებელმა და სპექტაკლის რეჟისორმა ნათია გუჯაბიძემ შექმნა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ თსსუ-ის სტუდენტები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოყვარული მსახიობები არიან, როლები დიდი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით შეასრულეს.

საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი 2024“  7 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში სტუდენტური თეატრები მთელი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს. ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება 14 აპრილს გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს.