თსსუ-ის დელეგაცია საერთაშორისო კონგრესზე - ESC პრევენციული კარდიოლოგია - 2023

თსსუ-ის დელეგაცია საერთაშორისო კონგრესზე - ESC პრევენციული კარდიოლოგია - 2023

2023 წლის 12 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა მასხულია, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანი და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე მივლინებით იმყოფებოდნენ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე "ESC პრევენციული კარდიოლოგია-2023", რომელიც გაიმართა ქალაქ მალაგაში (ესპანეთი).

კონგრესზე პროფესორმა ლელა მასხულიამ სპორტის კარდიოლოგიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მოდერატორულ სესიაზე წარადგინა მოხსენება თემაზე „ოქსიდაციური სტრესის გავლენის შეფასება კარდიული ბიომარკერების დინამიკაზე გადაწვრთნის სინდრომის მქონე ქართველ  სპორტსმენებში“.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები კონგრესში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, რომის სპორტული მედიცინისა და სპორტის მეცნიერებათა ინსტიტუტის წამყვან კარდიოლოგთან, პროფესორ ანტონიო პელიჩიასთან,  რომელთანაც დაისახა სპორტის კარდიოლოგიის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო და კლინიკური პროექტების მომდევნო განვითარების გზები. ასევე, შედგა შეხვედრა გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარესთან, პროფესორ ააშიშ კონტრაქტორთან და საბჭოს მრჩეველთან, კილის უნივერსიტეტის პროფესორ ჯონ ბაკლისთან. აღნიშნულ საბჭოსთან თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტს და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრს აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული სამეცნიერო კვლევის პროექტები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კარდიორეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე კვლევის პროექტის დეტალები, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.