2023 წლის 11-16 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, პროექტ „SAFEMED+“-ის ფარგლებში, მიწვევით იმყოფებოდა კატანიის უნივერსიტეტში (იტალია). თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში - „სიმულაციის გამოყენება დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში პაციენტის უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად“. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი ჩიტაიშვილი და რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე.
ვიზიტისას ტრენინგის მონაწილეები შეხვდნენ კატანიის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ფრანჩესკო პრიოლოს, ვიცე-რექტორებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებში და კატანიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების დელეგაციები, მათ შორის თსსუ-ის პარტნიორი უნივერსიტეტების -ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კატანიის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-სთან ერთად არაერთი სამეცნიერო პროექტის ავტორი, Plaferon LB-ის საერთაშორისო პატენტის მფლობელი, პროფესორი ფერდინანდო ნიკოლეტი.
ტრენინგები ჩატარდა კატანიის უნივერსიტეტის სან-მარკოს საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის, კარდიოლოგიის, ნეიროქირურგიის, მეანობა-გინეკოლოგიის და ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტებში.
ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა კატანიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორ ლუჩია ზაპალეს. შეხვედრისას მხარეებმა Erasmus+ პროექტის მიმართულებით განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ასევე, 2024 წლის თებერვალში საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამებზე KA ICM 171,. ერთობლივი განაცხადის წარდგენის საკითხები. პროექტის დაფინანსებაზე თანხმობის მიღება ხელს შეუწყობს თსსუ-ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების მიღებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას, სამუშაო შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზებას, ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.
პროექტ „SAFEMED +“ -ში ჩართულობამ და მიღწეულმა წარმატებებმა, მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა კატანიის უნივერსიტეტის მხრიდანაც. ინფორმაცია თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტის შესახებ გამოქვეყნდა კატანიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და გაზეთში.