თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

2025 წლის 3-13 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე ვიზიტით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, როგორც კურიკულუმის ფარგლებში, ასევე დამატებითი აქტივობების დაგეგმვის თვალსაზრისით.

ასოცირებული პროფესორის თქმით, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ამჟამად ახალი ინტერდისციპლინური კურიკულუმის ტესტირებას იწყებს, რაც საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ეკალაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში, რომელთა ორგანიზატორები იყვნენ პროფესორები გორდონ ჩერჩვორდი და მერი ჯო ლეკოვიჩი. შეხვედრები მიზნად ისახავდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის პრინციპების და გამოცდილების გაცნობას. ამ კუთხით  აღსანიშნავია შეხვედრები სტუდენტების მხარდაჭერისა და წარმატების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - კრისტენ ჰაირსტონთან და მისი გუნდის წევრებთან, ასევე პროგრამის პრეკლინიკური ეტაპის საგამოცდო სისტემის კოორდინატორ დევიდ შულმანთან.

შეხვედრების ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარების გზა, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო სტრატეგიები. დაისახა მომავალი სემესტრის მიზნები და ამოცანები.

„ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლები სრულ მზაობას გამოთქვამენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენი შემდგომი წლების ძირითადი ინტერესი არსებული მიღწევების განმტკიცებასთან ერთად ინტერდისციპლინური სწავლება იქნება,“ -აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ.