თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტები: გიორგი ჭოლაძე (სარეზიდენტო პროგრამა-კარდიოლოგია), ელენე ორაგველიძე (სარეზიდენტო პროგრამა-ფსიქიატრია), მარიამ გულუა (სარეზიდენტო პროგრამა-ინფექციური სნეულებები), გიორგი ნემსაძე (სარეზიდენტო პროგრამა - რადიაციული ონკოლოგია), მარიამ მორჩილაძე (სარეზიდენტო პროგრამა- რადიოლოგია) იმყოფებოდნენ იტალიაში, პიზის უნივერსიტეტში (Universita Di Pisa).
ვიზიტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პიზის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და Erasmus+ KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა მოიცავდა 6 თვიან მობილობას (გაზაფხულის სემესტრი), რომლის ფარგლებშიც თსსუ-ის რეზიდენტები სპეციალობის მიხედვით სტაჟირებას გადიოდნენ პიზის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში- სანტა კიარა (Santa Chiara University Hospital) და ჩიზანელო (Cisanello University Hospital).
საუნივერსიტეტო კლინიკების სხვადასხვა დეპარტამენტში განაწილებული ქართველი რეზიდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლინიკურ საქმიანობაში, ეცნობოდნენ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს. დეპარტამენტების ხელმძღვანელების (პროფესორ ჯულიო პერუჯის, პროფესორ ფაბიოლა პაიარის, მარკო ფალკონე ) ზედამხედველობის ქვეშ მონაწილეობას იღებდნენ სტაცონარული და ამბულატორიული პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში.
გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნებული რეზიდენტების თქმით, პროგრამა უდიდეს როლს ითამაშებს მათი პროფესიული განვითარების საქმეში და ისინი მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და Erasmus +ის ოფისს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.