თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა

თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა

2019 წლის 21 დეკემბერს, თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, თემაზე - „ხალხური მედიცინა- ქართული კულტურის საგანძური“.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს, როგორც უძველესი და უმდიდრესი სამედიცინო ტრადიციების მქონე ქვეყნის დამადასტურებელი ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მატერიალური მასალის მოძიება, შეკრება და წარმოჩენა. 

დასახული მიზნის განსახორციელებლად, თემის ავტორებმა შეისწავლეს მათ მიერ შერჩეული კუთხის (რეგიონის ან სოფლის) ხალხში შემონახული რაციონალური მკურნალობის მეთოდები   და  საშუალებები: ხელნაკეთი სამედიცინო იარაღები, სამკურნალო საშუალებათა რეცეპტები, მათი დამზადების ტექნოლოგიები, დანიშნულება და გამოყენების წესი, ასევე, სამედიცინო ეთნოლოგიური მასალა:  ხალხური მაგიურ-რიტუალური მკურნალობის მეთოდები - შელოცვები, დალოცვები, საჯანმრთელო სიმღერები, სახალხო მკურნალთა ჩანაწერები და სხვა.

კონფერეციის  მუშაობაში  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მოწვეულმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.  მათი ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ : მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი რამაზ შენგელია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე და მოწვეული პედაგოგი  ნანი ხელაია; მეცნიერები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან: ირინა გოგონაია, ლიანა სამყურაშვილი, ლელა შათირიშვილი; ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დავით ჭითანავა; ფარმაცევტული ფირმის „მანა“ დამფუძნებლები, ექიმები: მანანა ესიაშვილი და მედეა სიხარულიძე.

ჟიურიმ მაღალი შეფასება მიანიჭა ყველა გამომსვლელს, გამოიყო საუკეთესო მონაწილეებიც. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მოხსენებები, რომლებიც მიეძღვნა ხალხური მედიცინის რეცეპტების შეკრებასა და გაანალიზებას, ადგილობრივი მინერალური რესურსების მოძიებას და სამედიცინო ეთნოგრაფიის (შელოცვები, ავგაროზები, თქმულებები) შეკრება–წარმოჩენას.

კონფერენციის ყველა მონაწილეს მუზეუმისგან გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები – წიგნების და უნივერსიტეტის სიმბოლური ნივთების სახით.

„კონფერენციამ ორ მთავარ მიზანს მიაღწია: მომავალ თაობაში გააღვივა ინტერესი საკუთარი ქვეყნის კულტურისადმი, კერძოდ, მედიცინის ისტორიისა და ეთნომედიცინისადმი, მეცნიერული აზროვნებისადმი; მეორე, – მუზეუმმა მიიღო ძალზე საინტერესო სამედიცინო–ეთნოლოგიური მასალა და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.“ - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ.

კონფერენციის ორგანიზატორები გეგმავენ,  რომ აღნიშნულ ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცეს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს.