თსსუ-ის პროფესორი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი ვაშინგტონში „ჯანდაცვის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“  დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

თსსუ-ის პროფესორი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი ვაშინგტონში „ჯანდაცვის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში ორგანიზაცია „მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“  დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პროფესორი არჩილ უნდილაშვილი შეხვდა ამერიკელ კოლეგებს, სამედიცინო დარგის ცნობილ მოღვაწეებს და ემორის უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები გააცნო. 

„მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“ დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მიღწევების, დამსახურებული პირებისა და ორგანიზაციების ღვაწლის აღსანიშნავად იმართება და მასში მონაწილეობას საჯარო, პროფესიული და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებენ. ცერემონიალი აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად იმართება. 

მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების 27 ორგანიზაციას შორის ერთ-ერთია და 1836 წლიდან წარმოადგენს ინფორმაციისა და ინოვაციების ცენტრს.  მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოსამედიცინო ბიბლიოთეკა ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის ნაბეჭდი და ელექტრონული ინფორმაციის უსაზღვრო კოლექციას. სამეცნიერო ნაშრომები ხელმისაწვდომია მილიონობით დაინტერესებული პირისთვის მსოფლიოს მასშტაბით.  ბიბლიოთეკა, ასევე, ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს და აწარმოებს ტრენინგ-პროგრამებს ბიოსამედიცინო ინფორმატიკისა და ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

2023 წლის დაჯილდოების ცერემონია საზეიმოდ ორგანიზაციის „მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრები“  საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გლენ კემპბელმა გახსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი პატრიცია ბრენანი, ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ენდრიუ ბალასი, საბჭოს წევრი - პროფესორი სანდრა ფრანკლინი (ემორის უნივერსიტეტი), საგამომცემლო კომპანია „ჯეკ ფარელ ენდ ასოშიეტის“ მმართველი დირექტორი, ბატონი ჯეკ ფარელი, ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი სამედიცინო მრჩეველი, ბატონი ანტონი ფაუჩი.

2023 წლის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ:

პროფესორი ანტონი ფაუჩი - ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი სამედიცინო მრჩეველი;

პროფესორი ბარბარა ფრინკი - მედსტარის ჯანდაცვის სისტემის ვიცე პრეზიდენტი;

სტივ ვილსონი - შეზღუდული შესაძლებლობების რესურს-ცენტრის ბიბლიოთეკარი და ვებ-არქიტექტორი;

ჰეზერ მობერლი - პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი;

პროფესორი კარლა ჰაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკარი;

ჯენიფერ დუდლა - კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიისა და  ქიმიის პროფესორი.

„მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“ გასული წლების ლაურეატები გახდნენ ისეთი მეცნიერები და პროფესიონალები, როგორებიც არიან პროფესორი რობერტ გალო, პროფესორი რობერტ ლანგერი, პროფესორი მაჰლონ დელონგი, C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატის გამომგონებელი და ემორის უნივერსიტეტის პროფესორი რეიმონდ შინაზი; აშშ-ის სენატორი ტომ ჰარკინი, კონგრესმენი კრის ვან ჰოლენი, სენატორი ტედ კენედი, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების პირველი ქალი დირექტორი - პროფესორი ბერნადინე ჰეილი და სხვა (სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.fnlm.org/awards/).

აღსანიშნავია, რომ 1991-1994 წლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის, ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს საპატიო მოქალაქე კენ ვოლკერი იყო ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 1994-1995 წლებში კი აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. 1995 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პროფესორი ვოლკერი იყო  საბჭოს კონსულტანტი. იგი, აგრეთვე, იყო ორგანიზაციის „მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრები“ ვიცე-პრეზიდენტი.