2024 წლის 29-30 აგვისტოს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი ლელა მასხულია კარდიორეაბილიტაციის და პრევენციის გლობალურ ფორუმს დაესწრო, რომელიც ლონდონში (გაერთიანებული სამეფო) გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 20 ქვეყნის 52-მა წამყვანმა ექსპერტმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის დარგში.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სამუშაო შეხვედრები მცირე ჯგუფებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ერთიანობის გაძლიერებას, მეორად პრევენციასა და კარდიორეაბილიტაციაში არსებული ხარვეზების გამოვლენას და ქმედითი სტრატეგიების შემუშავებას.
გლობალურ ფორუმში მონაწილე თსსუ-ის პროფესორმა ლელა მასხულიამ წარმოადგინა კარდიორეაბილიტაციისა და პრევენციის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული კვლევები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები. აღნიშნულმა საკითხმა ფორუმის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, კოლეგების მხრიდან გამოითქვა სამომავლო მხარდაჭერის სურვილი.
აღსანიშნავია, რომ კარდიორეაბილიტაციის გლობალურ ფორუმზე გაჟღერდა დარგის წამყვანი ორგანიზაციების ძალისხმევის კონსოლიდაციის საჭიროებაც, კარდიორეაბილიტაციისა და პრევენციის ხელმისაწვდომობის, პაციენტის შედეგების გასაუმჯობესებლად და შესაბამისი ფინანსური რესურსების უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ, პარტნიორულ ურთიერთობებზე დაყრდნობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის გლობალური ფორუმის მეშვეობით შემუშავებულ იქნა ინიციატივა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაინტერესებული მხარეების მობილიზებისა და გაერთიანების მიზნით, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც შეუერთდა.