თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის ირმა კვიცარიძის ვიზიტი თსსუ-ში

თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის ირმა კვიცარიძის ვიზიტი თსსუ-ში

2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე.

თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან შეხვედრის დროს, ქალბატონმა ირმამ კიდევ ერთხელ აღნიშნა თუ როგორი წარმატებულია პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის  გაცვლითი პროგრამა, რომელიც ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებსა და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებობს. პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის დიპლომამდელი/დიპლომისშემდგომი განათლებისა და საექთნო-საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები,  აკადემიური პერსონალი  და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების ახალგაზრდა ექიმები გადიან სტაჟირებას ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში, იმაღლებენ კვალიფიკაციას და იღებენ საერთაშორისო დონის გამოცდილებას. ქალბატონ ირმა კვიცარიძის თქმით პროგრამა დიდი ინტერესით სარგებლობს და იმედოვნებს, რომ მომავალში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აღსანიშნავია, რომ  ქალბატონი ირმას ძალისხმევით, შემუშავდება ახალი და საინტერესო პროექტები ავსტრიის კიდევ ერთ წამყვან უნივერსიტეტთან -   გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ახალი აუდიტორიები, თსსუ-ის მე-2 სასწავლო კორპუსი, რომლის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობა 2023 წლის სექტემბერში დასრულდა. ის აგრეთვე გაეცნო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციფიკას, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. ქალბატონი ირმა ეწვია „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს“; აგრეთვე დაათვალიერა  კაფეტერია, რომელიც პირველი სასწავლო კორპუსის ვესტიბულზე დაშენდა და გათვლილია 160 პერსონაზე. ასევე დაათვალიერა სკულპტურები, რომლებიც თსსუ-ის საპატიო დოქტორის, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძისა და იდეის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ცნობილი ექიმის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ არსენ გვენეტაძის თანამშრომლობით განთავსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარე სივრცეში. როგორც ცნობილია, ყველა სკულპტურა მათ მიერ საჩუქრად გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.  ქალბატონმა ირმამ მაღალი  შეფასება მისცა თსსუ-ში განხორციელებულ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ასევე, ქალბატონი ირმა კვიცარიძე შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოწვეულ მასწავლებელს მიხეილ გოგობერიშვილს, რომელიც სტუდენტობის პერიოდში, 2021 წელს, ორმხრივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა კლინიკურ სტაჟირებაზე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში. მან დიდი მადლიერებით აღნიშნა ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც ქალბატონი ირმა კვიცარიძე იჩენდა  სტუდენტების მიმართ და გაიხსენა ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებული პერიოდი და იქ მიღებული გამოცდილება.