2024 წლის 4-9 ივნისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაცია ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პორტუგალიაში ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის - (ASPHER) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე; კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ირინე ზარნაძე და დევი ტაბიძე.
შეხვედრებზე წარდგენილი იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მომავლის ხედვები და პრიორიტეტები. აღსანიშნავია, რომ პროფესორმა ლევან ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის პანელურ სხდომაზე, რომელზეც წარადგინა პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მნიშვნელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (Lifelong Learning) მიზნების განხორციელებაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თითქმის ათეული წელია არის ASPHER-ის წევრი ორგანიზაცია, სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ASPHER-ის ბორდის არჩევნებში.