თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 66-ე კონგრესზე

თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 66-ე კონგრესზე

2023 წლის 21-26 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მივლინებით  იმყოფებოდა  ამსტერდამში (ნიდერლანდები), სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) 66-ე კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. პროფესორი მარინა მამალაძე ამ ორგანიზაციის წევრი 2013  წლიდან გახლავთ, 2020 წელს კი ის კავკასიის რეგიონზე პასუხისმგებელ ვიცე-რეგენტად აირჩიეს. 

კონგრესს, ასევე, ესწრებოდნენ ICD-ს წევრები, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები. მათ შორის, ასოცირებული პროფესორები: ნათია ნიჟარაძე, ლია სანოძე, დეა ვადაჭკორია,  ასისტენტ - პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე, მოწვეული მასწავლებლები: მანანა უსტიაშვილი და თეა ჯანჯალაშვილი. თსსუ-ის დელეგაცია სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის წევრებად, წელს საზეიმო ცერემონიალზე  კოლეგიის ერთ-ერთი რეგენტის, სერგეი რადლინსკის წარდგინებით იყვნენ.

ICD-ის კონგრესის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სამეცნიერო სესიას, რომლის ძირითად თემას წელს კბილებისა და ყბა-სახის მიდამოს ტრავმები წარმოადგენდა.

,,ჩვენთვის ეს თემატიკა საინტერესო თუნდაც იმიტომ იყო, რომ გარდა კბილთა ტრავმების მართვის პრინციპების ჩვენს სილაბუსებში ასახვისა, მე და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე, დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლის „კბილებისა და მათი სტრუქტურების ტრავმული დაზიანებები“-ს ავტორებიც ვართ, ამიტომ თანამედროვე მიდგომებისა და ამ დაზიანებათა სიხშირის შესახებ ინფორმაცია, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. მით უფრო, რომ აღნიშნული საკითხები ნიდერლანდების უნივესიტეტებისა და წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორებმა წაიკითხეს“, - აღნიშნა პროფესორმა მარინა მამალაძემ.

კონგრესის სამეცნიერო სესიას წინ უსწრებდა ICD ევროპის სექციის რეგენტთა ბორდის შეხვედრა. ბორდის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა მაურო ლაბანკამ ევროპული სექციის განყოფილებების გაფართოების შესახებ ისაუბრა, რაც კავკასიის რეგიონს სერიოზულ პერსპექტივას აძლევს. 

ამავე შეხვედრაზე დაანონსდა მომავალი კონგრესის თარიღი და ადგილი. 2024 წელს ICD-ის ევროპის სექციის 67-ე კონგრესის მასპინძელი იერუსალიმი (ისრაელი) იქნება.