თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ესტონეთში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ესტონეთში

2022 წლის 8-10 სექტემბერს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „მეცნიერება, სპორტი და მედიცინა XI“ (Science, Sports and Medicine XI). 

ღონისძიებაზე ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ვალერი ახალკაცი. 

თსსუ-ის წარმომადგენლებმა კონფერენციის პლენარულ სხდომაზე წარადგინეს შემდეგი მოხსენებები:

  „არაფუნქციური გადაძაბვითა და გადაწვრთნით გამოწვეული ჩონჩხის კუნთებისა და კარდიული ბიომარკერების პასუხის შესწავლა სპორტსმენთა გადაწვრთნის სინდრომის მონიტორინგის მიზნით“- პროფესორი ლელა მასხულია.

 „ართროფიბროზის განვითარების რისკის შეფასება და მუხლის ფუნქციის დარღვევის პრევენცია წინა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქციის შემდგომ“  -მედიცინის აკადემიური დოქტორი  ვალერი ახალკაცი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში პროფესორი ლელა მასხულია გახლდათ პოსტერული სესიის მოდერატორი, ხოლო ბატონმა ვალერი ახალკაცმა გაუწია თავმჯდომარეობა სესიას თემაზე „გადატვირთვის დაზიანებები სპორტში, პრევენცია და მკურნალობა“. 

კონფერენციის მიმდინარეობისას, თსსუ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს  ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის კლინიკის დირექტორთან და სპორტული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ევე უნტთან; ტარტუს უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ პრიტ კასიკთან; სპორტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვაჰურ უპიკთან; ტარტუს უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე დაისახა ურთიერთთანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები, მათ შორის - ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით.