თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა)

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა)

2023 წლის 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ERASMUS+ პროექტის - “პაციენტთა მოვლის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში სიმულაციების დანერგვა” (SAFEMED+) - ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების  მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი და თსსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ქსელის ადმინისტრატორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი აკაკი კარსანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვაში, ქ. ვილნიუსის უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაცია დაესწრო ტრენინგების ციკლს - კომპიუტერული ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდისთვის სადგურების შედგენისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ.

შეხვედრა დაიწყო პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნის „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისა და კლინიკური სწავლების როლი მედიკოსი სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების სრულყოფაში (The Role of OSCE and Clinical Line for Mastering Clinical Competencies of Medical students)“ - ელექტრონული ვერსიის პრეზენტაციით, რომელიც პროექტის კოორდინატორმა, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ია ავალიანმა წარადგინა.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზენტაციით - „SAFEMED+-ის გავლენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესზე და მიღწეული შედეგები“, წარსდგნენ თსსუ-ის პროფესორები თინათინ ჩიქოვანი და ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი აკაკი კარსანიძე.

თსსუ-ს დელეგაციამ, ასევე, მოისმინა პროექტის მონაწილე სხვა უნივერსიტეტთა წარმომადგენლების მოხსენებები მათ უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროცესზე პროექტის გავლენის შესახებ. 

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილე უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული პოსტერებიდან დასაბეჭდად და სასწავლო დეპარტანემენტებში გასავრცელებლად შეირჩა ათი სასწავლო პოსტერი.

პროექტი-’SAFEMED+’ (Simulation in Undergraduate Medical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care), მიზნად ისახავს კომპეტენციაზე დაფუძნებული, სამედიცინო სიმულაციური სწავლების დანერგვას და განვითარებას მონაწილე უნივერსიტეტებში, CBME (Competence Based Medical Education) მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შორის სათანადო კლინიკური კომპეტენციების ჩამოყალიბებას.