თსსუ-მ 2026 წლის კურსდამთავრებულები პროფესიული ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა

თსსუ-მ 2026 წლის კურსდამთავრებულები პროფესიული ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. 9 ივლისს უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საპატიო სტუმრები და უნივერსიტეტის მრავალწლიანი ტრადიციის თანამონაწილეები, რათა ერთად ეზეიმათ თსსუ-ისთვის კიდევ ერთი სიამაყის დღე და ასობით ახალგაზრდისთვის  ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

9 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პროფესიულ გზაზე მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების 684 კურსდამთავრებული გააცილა.

დღის სადღესასწაულო პროგრამა 16:00 საათზე დაიწყო. უნივერსიტეტის სივრცე მრავალფეროვან აქტივობებს და ფოტოზონებს მასპინძლობდა, რამაც კურსდამთავრებულებს, მათ ახლობლებს და სტუმრებს დაუვიწყარი ემოციებით სავსე გარემო შეუქმნა. გამოსაშვებ საღამოს განსაკუთრებული განწყობა შესძინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბენდმა, რომელმაც მუსიკალური გაფორმება უზრუნველყო.

‘’ ეს არ არის თქვენი სწავლის დასასრული — ეს არის დასაწყისი...’’

19:00 საათზე დაიწყო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა.

რექტორმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი შრომისთვის და უსურვა, რომ ყოველთვის ახსოვდეთ და არასდროს დაავიწყდეთ პროფესიული ცხოვრების გზაზე მედიცინის ფუნდამენტური პრინციპი - „არ ავნო“ . 

 ‘’ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს თქვენ იღებთ დიპლომს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის თქვენი სწავლის დასასრული — ეს არის დასაწყისი. თქვენ აირჩიეთ პროფესია, რომელშიც ცოდნა ყოველდღიურად ახლდება, პასუხისმგებლობა არასოდეს მცირდება და თითოეულ გადაწყვეტილებას  შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ედგას უკან.  მაგრამ არსებობს ერთი პრინციპი, რომლის გარეშეც ცოდნა, გამოცდილება და კეთილი სურვილებიც კი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და ეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინაა... 

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს თქვენ იღებთ არა მხოლოდ დიპლომს, არამედ საზოგადოების ნდობას. ეს არის უდიდესი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. 

- იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც არასოდეს შეწყვეტენ სწავლას! 

- იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც ყოველთვის დასვამენ კითხვებს, სანამ პასუხს დაიჯერებენ!

- იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც არასოდეს გაცვლიან მტკიცებულებას ვარაუდში და პროფესიულ ეთიკას - მოხერხებულობაში!

სამედიცინო საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რამდენი ადამიანი იქნება ჯანმრთელი იმის გამო, რომ თქვენ ერთხელ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.

გილოცავთ ამ დიდ დღეს და გისურვებთ, რომ თქვენი პროფესიული გზა ყოველთვის ცოდნით, პასუხისმგებლობითა და ადამიანურობით იყოს გამორჩეული.’’ - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

კურსდამთავრებულებს პროფესიული ცხოვრების ახალი ეტაპი მიულოცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ამავე კომიტეტის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ და თსსუ-ის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების დეკანებმა. 

მათ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, კურსდამთავრებულებს პროფესიული წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოება მათგან მაღალ პროფესიონალიზმს, ჰუმანურობასა და პასუხისმგებლობას ელის.

მანტიებით შემოსვის ცერემონია და საზეიმო ფიცი

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ეპიზოდი ფაკულტეტების ყველაზე მაღალრეოტონგულ კურსდამთავრებულთა მანტიებით შემოსვის ცერემონია იყო. ამის შემდეგ 684-მა კურსდამთავრებულმა ერთხმად წარმოთქვა საზეიმო ფიცი, რომ პროფესიულ საქმიანობაში ერთგული იქნებიან პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების, მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის.

საღამოს კულმინაცია ტრადიციულად ქუდების ცაში ასროლა გახდა. ეს სიმბოლური წუთი, რომელიც ყოველ წელს აერთიანებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ამჯერადაც ემოციებით, სიხარულითა და მომავლის იმედით იყო სავსე. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით და რწმენით აცილებს მათ პროფესიულ გზაზე - გზაზე, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსებაა.