თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტებს შორის აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. მხარეები პარტნიორობის გაფართოების შესახებ თსსუ-ში რუმინელი პროფესორების სტუმრობისას (24-28 მარტი) შეთახმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში რუმინელმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტში გაიმართა. ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების მსგავსება, რის შედეგადაც დაიგეგმა ერთობლივი მონაწილეობა საგრანტო კვლევების კონკურსში და კოლაბორაციული სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტში, სტუმრებმა წარადგინეს ზეპირი მოხსენებები და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაესწრნენ მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე და მეხუთე სემესტრის მოდულების სემინარულ მეცადინეობებს.
თსსუ-ში ყოფნისას, რუმინელი პროფესორები ეწვივნენ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრსაც, სადაც გაეცნენ OSCE-ის გამოცდის ჩატარების სპეციფიკას.
რუმინელი პროფესორები შეხვდნენ თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენლებს. მხარეებმა არსებულ პარტნიორობასა და ახალ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც 2026 წელს ERASMUS+ კრედიტ მობილობის ფარგლებში იგეგმება. ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ტიმიშოარის დასავლეთ უნივერსიტეტთან, რომელიც ერთ-ერთია Universitaria Consortium-იდან და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტთან.
რუმინელი პროფესორების თსსუ-ში ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+ „კრედიტ მობილობის პროექტის“ ფარგლებში.