თსსუ-სა და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ძლიერდება

თსსუ-სა და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ძლიერდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში Erasmus+ KA 171 ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პირველი მობილობა განხორციელდა. 24-28 თებერვალს ვარშავის უნივერსიტეტს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი ჩიტაიშვილი და Erasmus+ პროგრამების კოორდინატორი ნინო კანდელაკი ეწვივნენ.

მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განვითარების, ურთიერთანამშრომლობის გაძლიერებისა და თსსუ-ის სტუდენტების მობილობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ვარშავაში ვიზიტის დროს,  თსსუ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე შეთანხმდნენ.  

„ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო რეაბილიტაციის ფაკულტეტთან თანამშრომლობის დაწყება და სტუდენტების აქტიური მობილობა, რა მიზნითაც შეხვედრა გავმართეთ რეაბილიტაციის და ფიზოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ანა ადამუსთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას“, – აღნიშნეს თსსუ-ის წარმომადგენლებმა.

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, დალი ჩიტაიშვილმა, ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში,  ჩაატარა ორი  ლექცია: „სიმულაციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება“ და „პაციენტის უსაფრთხოების საკითხები“. ლექციები ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა და დიდი ინტერესი გამოიწვია ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში.