თსსუ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე NAFSA  2025

თსსუ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე NAFSA 2025

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025, რომელიც აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია.

გამოფენა/კონფერენცია ყოვეწლიურია და ის მსოფლიო მასშტაბით მასპინძლობს წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

NAFSA 2025-ის მიზანია სტრატეგიული გლობალური პარტნიორობის გაფართოება უმაღლეს სასწავლებლებს შორის და განათლების ინტერნაციონალიზაცია. კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების  შესაძლებლობას აძლევს.

კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს. მათ ასევე მიიღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია ზოგადად, საქართველოს უმაღლესი განათლების ეკოსისტემისა და  საქართველოს, როგორც განათლების რეგიონული ჰაბის პერსპექტივებისა და კონკურენტული უპირატესობის შესახებ.

თსსუ-ის დელეგაციას ჰქონდა შეხვედრები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, სადაც მოქმედ  და პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილეს, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და გეგმები.  მათ  შორის საუბრის თემები იყო ერთობლივი პროექტებიც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს თსსუ-ის განათლების ინტერნაციონალიზაციას, აკადემიური მობილობის გაფართოებასა და სტრატეგიული გლობალური პარტნიორობის გაღრმავებას.