თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ევროპის ადამიანის გენეტიკის კონფერენციაზე

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ევროპის ადამიანის გენეტიკის კონფერენციაზე

2022 წლის 11-14 ივნისს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ვენაში (ავსტრია).

მათ  წარადგინეს პოსტერული მოხსენებები: „IGHMBP2-თან დაკავშირებული დაავადება გენოტიპ-ფენოტიპის კორელაციით“ (თ. ტყემალაძე),  „უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შემუშავება ლაბორატორიულ გენეტიკაში საქართველოში“ (ე. კვარაცხელია).

ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების დაფინანსებით, კონფერენციაში, როგორც ახალგაზრდა მეცნიერმა, მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მერვე სემესტრელმა სტუდენტმა სანდრო სურმავამ, რომელმაც წარადგინა პოსტერული მოხსენება ინტერლეიკინ-10 გენის პოლიმორფიზმი rs1800896 და IL-10-ის დონე კისტური ფიბროზის დროს“.

კონფერენციაზე პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ დისმორფოლოგიის სექციაში  წარადგინა იშვიათი კლინიკური შემთხვევა, რომელმაც საინტერესო დისკუსია გამოიწვია.

ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია ტრადიციულად დაესწრო ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოებების შეხვედრას, სადაც წარადგინა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ განხორციელებული აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე მრავალი წელია აღნიშნული საზოგადოების წევრები არიან და აქვთ ნაყოფიერი თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან გენეტიკოსებთან.