თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ლიეჟის უნივერსიტეტში

თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ლიეჟის უნივერსიტეტში

2023 წლის 2-8 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე და ამავე დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი გიორგი ჯგერენაია მივლინებით იმყოფებოდნენ ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში. 

ვიზიტი Erasmus + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

მივლინების მიზანს წარმოადგენდა ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების ახალი მეთოდების გაცნობა. ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე და მოწვეული მასწავლებელი გიორგი ჯგერენაია დაესწრნენ ინტეგრირებულ გამოცდას -,,ფარმაცევტული ხარისხის კონტროლი“ და ინტერაქტიულ სემინარს - ,,სამკურნალო მცენარეთა ოფსერვირება“. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ლიეჟის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სამეცნიერო ჯგუფებს, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ გააცნო მათ თსსუ-ის ისტორია, მისია, ღირებულებები, გაუზიარა ინფორმაცია ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების და  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.  შეხვედრებზე ბელგიელმა კოლეგებმა გამოთქვეს სტუდენტების გაცვლით პროექტებში, საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში და ერთობლივ  კოლაბორაციულ  პროექტებში ჩართვის სურვილი, რაც უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების  კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.