დოქტორმა გიორგი მიქელაძემ (აშშ) თავის ალმა-მატერში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციები წაიკითხა

დოქტორმა გიორგი მიქელაძემ (აშშ) თავის ალმა-მატერში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციები წაიკითხა

2021 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს (აშშ) ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მიქელაძე. 

სტუმარს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები - ასოცირებული პროფესორები: სოფიო ბახტაძე და ირაკლი კოხრეიძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

ეს შეხვედრა განსაკუთრებული გახლდათ, რადგან ბატონი გიორგი მიქელაძე თავის ალმა-მატერში იმყოფებოდა. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მასთან თსსუ-ის დღევანდელობაზე ისაუბრა, წარუდგინა ბოლოდროინდელი მიღწევები და გააცნო  უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები.  

ბატონმა გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებით ძვირფასია. მან გაიხსენა თსსუ-ში სწავლის და შემდგომში მუშაობის  პერიოდი. ბატონმა გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წაიკითხოს ლექციები თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ბატონმა ზურაბ ვადაჭკორიამ საუბრის დასასრულს მადლობა გადაუხადა გიორგი მიქელაძეს ალმა-მატერში მობრძანებისთვის და  მისი უაღრესად საინტერესო ლექციებისთვის.

- მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ უნდა წარგადგინოთ აუდიტორიასთან - სტუდენტებთან, რეზიდენტებთან, პედაგოგებთან, როგორც თსსუ-ის კურსდამთავრებული, ექიმი, რომელმაც ნამდვილად ასახელა არა მარტო მშობლიური ქვეყანა, არამედ საკუთარი ალმა-მატერიც. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეამაყებით! - აღნიშნა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.  

28 და 31 მაისს, 1 და 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ბატონმა გიორგი მიქელაძემ წაიკითხა  ლექციები ქართულ ენაზე: „ქრონიკული ტკივილის მართვა“;  „პაციენტთან ურთიერთობა“; „რეაბილიტაციის საფუძვლები“ და „ქრონიკული ტკივილის მართვა“ ინგლისურ ენაზე. ლექციებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.