ემორის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ემორის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე,  მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი და ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი სტუმრობდნენ.

თავდაპირველად პროფესორები დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2022/2023 სასწავლოს წლის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც მათ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

საზეიმო ღონისძიების შემდეგ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციასთან და პროგრამის  სხვადასხვა სემესტრის სტუდენტებთან. ამის შემდეგ კი, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხა შესავალი ლექცია მიკრობიოლოგიასა და იმუნოლოგიაში. 

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები ეწვივნენ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიას, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის თანამშრომლობის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შემეცნებითი ტური მოუწყო კახეთსა და თბილისში, სადაც ამერიკელი სტუმრები ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.