2024 წლის 23 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეშვიდე სემესტრის სტუდენტები ანა გოგიაშვილი და თამარ დეკანოიძე Erasmus+ KA171 გაცვლით პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ იზმირის თინასთეფეს უნივერსიტეტში (თურქეთი).
ორი თვის განმავლობაში სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ Tip Merkezi და Tınaztepe Galen Hospital საუნივერსიტეტო კლინიკებში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესში.
„სტაჟირების განმავლობაში მივიღეთ დიდი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, დეტალურად გვასწავლიდნენ ისეთი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა ელექტროსტიმულაცია, დარტყმითი ტალღოვანი თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ტრაქცია და სხვა. გავეცანით მედიალური ეპიკონდილიტის სამკურნალო დარტყმითი ტალღოვანი თერაპიის (TECAR therapy) პროცესს. ნევროლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით შევხვდით რამდენიმე პედიატრიულ პაციენტს. რამაც საშუალება მოგვცა უკეთ გავცნობოდით არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის თავისებურებებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებას და ინდივიდუალურ მიდგომას. ვესტუმრეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებას (ICU), სადაც ხელმძღვანელთან ერთად ჩავატარეთ სხვადასხვა სარეაბილიტაციო ვარჯიშები“, აღნიშნეს ქართველმა სტუდენტებმა.
სტუდენტთა თქმით, მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე სარეაბილიტაციო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს მათთვის როგორც მომავალი ფიზიოთერაპევტებისა და რეაბილიტოლოგებისთვის.