2023 წლის 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ფილიპ ვალტერი ეწვია. აღსანიშნავია, რომ ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი თსსუ-ის პარტნიორი უნივერსიტეტია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ფილიპ ვალტერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების და, ასევე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის ციფრული ჯანდაცვის და ტელემედიცინის საკითხებზე ლექცია/ვორქშოპები გამართა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტისას პროფესორი ფილიპ ვალტერი შეხვდა თსსუ-ის ვიცე-რექტორს, პროფესორ სოფიო ბახტაძეს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ასისტენტ-პროფესორ თინათინ კილასონიას, რექტორის აპარატის უფროსს ირინა კაპეტივაძეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ მარინა ციმაკურიძეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.