იაპონიის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

იაპონიის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 10 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება,  ბატონი  იმამურა აკირა; იაპონიის საელჩოს ატაშე, ბატონი სუგინაკა რიოსეი; იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კაზუია იამაუჩი და ასისტენტ-პროფესორი მაკინო მარიკო.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური.

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მიესალმა სტუმრებს, რის შემდეგაც პროფესორმა სოფიო ბახტაძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ  პრეზენტაცია წარუდგინა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ,  ბატონმა  იმამურა აკირამ აღნიშნა, რომ იგი ფლობს ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, დიდი ხანია იცის, რომ თსსუ საინტერესო გზით ვითარდება და სამედიცინო განათლების უმნიშვნელოვანესი კერაა რეგიონში. ბატონმა ელჩმა ისიც დასძინა, რომ საკუთარ თავზე გამოცადა ქართული მედიცინის შესაძლებლობები და დარწმუნდა საქართველოში მოღვაწე ექიმთა მაღალ პროფესიონალიზმში. 

„ტეიკიოს უნივერსიტეტის რექტორს დიდი სურვილი აქვს ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. აღნიშნული ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ,  ბატონმა  იმამურა აკირამ. 

ტეიკიოს უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კაზუია იამაუჩიმ ისაუბრა ტეიკიოს უნივერსიტეტის შესახებ. მან იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის  დიდი სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა: „გვაქვს სურვილი აღნიშნული ურთიერთობა იყოს  ღია ფანჯარა, საიდანაც ხელახლა აღმოვაჩენთ ერთმანეთს და ორმხრივად სასარგებლო შედეგს მივიღებთ, -აღნიშნა მან. 

შეხვედრის დასასრულს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა მის აღმატებულებას, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას; ასევე, უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადაეცა თსსუ-ის ყველა სტუმარს. სამახსოვრო საჩუქრები სტუმრებისგან თსსუ-ის რექტორმაც მიიღო.