კატანიის უნივერსიტეტის (იტალია) დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კატანიის უნივერსიტეტის (იტალია) დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ERASMUS+ -ის პროექტ SAFEMED+ -ის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ეწვია კატანიის უნივერსიტეტის დელეგაცია: კატანიის უნივერსიტეტის ბიომედიცინისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი პათოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი ფერდინანდო ნიკოლეტი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კატია მანგანო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; თსსუ-ის სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და ERASMUS+ -ის პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, როგორც გაცვლითი პროგრამების, ისე სამეცნიერო მიმართულებითაც. 

როგორც პროფესორმა ნიკოლეტიმ აღნიშნა, კატანიის უნივერსიტეტისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ERASMUS+ ის პროექტ SAFEMED+ -ში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობა. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს სურვილი ურთიერთთანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდეგადაც გაგრძელდეს, შესაბამისად, იტალიური მხარის  მიერ მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება შემდგომი ხუთი წლის ვადით.  შეხვედრაზე, ფერდინანდო ნიკოლეტიმ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია თსსუ-ის პროფესორ თინათინ ჩიქოვანთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგებით. 

აღსანიშნავია, რომ პროფესორი ფერდინანდო ნიკოლეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტის ავტორია. მას 2023 წლის 26 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა  თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება. თსსუ-ში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სერტიფიკატი თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა. პროფესორმა ნიკოლეტიმ მადლიერება გამოხატა მინიჭებული წოდების გამო და განაცხადა, რომ ეცდება მომავალი თანამშრომლობა იყოს პროდუქტიული.

თსსუ-ში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“, ადამიანის გენომისა და ეპიგენომის კვლევითი ცენტრი, ასევე, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. დელეგაციის წევრების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრესი დადებითად აისახება მის საერთაშორისო იმიჯზე.