ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) პროფესორი თსსუ-ში

ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) პროფესორი თსსუ-ში

მიმდინარე წლის 17 თებერვალს, ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის  ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია  ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) პროფესორი ალექსანდრ სიროტკინი.  ვიზიტის ფარგლებში, პროფ. სიროტკინი ეწვია თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტს.

სტუმარს შეხვდნენ: თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე; ასოცირებული პროფესორი ირინა ზარნაძე; ასოცირებული პროფესორი დევი ტაბიძე; ასისტენტ-პროფესორი ლილი ლომთაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე; ERASMUS +-ის ოფისის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი. 

პროფესორმა შალვა ზარნაძემ მიმოიხილა  სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო პირობები და აღნიშნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის  დიდი მნიშვნელობის შესახებ.

პროფესორმა ლევან ბარამიძემ პროფესორ ალექსანდრ სიროტკინს გააცნო ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების სტრუქტურისა და პერსპექტივების შესახებ, აღნიშნა, რომ ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტთან  თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური, ასევე სამეცნიერო მიმართულებების გასავითარებლად. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება როგორც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, ასევე, 2021 წლის დეკემბრიდან  ERASMUS +-ის  პროექტის ფარგლებში.

პროფესორმა ალექსანდრ სიროტკინმა განიხილა თანამშრომლობის ასპექტები და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს უკვე შესაძლებელი იქნება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა.

სტუმარმა დაათვალიერა თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, სადაც მას შეხვდა კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.  პროფესორმა ალექსანდრ სიროტკინმა აღნიშნა, რომ ცენტრის აღჭურვილობა და ფუნქციობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა ERASMUS+-ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის  ფარგლებში მისასალმებელი და ორმხრივად საინტერესოა.

პროფესორმა ალექსანდრ სიროტკინმა თსსუ-ის მაგისტრანტებისთვის წაიკითხა ონლაინ ლექცია  ოჯახის დაგეგვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ის, ასევე, ესტუმრა თსსუ-ის ბიბლიოთეკას და დაათვალიერა უცხოური ლიტერატურის განყოფილება, სამკითხველო დარბაზი. პროფესორმა ალექსანდრ სიროტკინმა თსსუ-ის ბიბლიოთეკას ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში სახელმძღვანელოდ მიღებული 4 ელექტრონული წიგნი გადასცა.

მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.