2024 წლის 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ქირურგი, ჟურნალის „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი ენდრიუ ა.გამბსი და საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის „Medea MIMA” დირექტორი მანანა გოგოლი სტუმრობდნენ. მათ თან ახლდა თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია.
შეხვედრაზე განიხილეს თსსუ-ში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისა და მისი გამოყენების პერსპექტივა როგორც სასწავლო, ასევე კლინიკური მიმართულებით და მსოფლიო სამედიცინო ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი მიღწევის - რობოტული ქირურგიის დანერგვა საუნივერსიტეტო კლინიკებში. აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო კონტექსტში, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ციფრულ მედიცინაში.