2024 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა თსსუ-ის მოწვეული მასწავლებლის, მედიცინის აკადემიური დოქტორის, თსსუ-ის კლინიკის პროფესორ მანანა ბოკუჩავას წიგნის „ფსიქიატრია და ფსიქიატრები“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე; ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია; ცნობილი ფსიქიატრები: პროფესორი გიორგი ნანეიშვილი, თსუ-ის პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი დავით ზურაბაშვილი და სხვები; ასევე, პრაქტიკოსი ფსიქიატრები და ფსიქიატრიის დეპარტამენტის რეზიდენტები.
წიგნის წარდგენის ღონისძიება გახსნა პროფესორმა თეიმურაზ სილაგაძემ. მან ფსიქიატრიის დარგის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებს, გარდა მედიცინის უზადო ცოდნისა, სჭირდებათ დახვეწილი პიროვნული თვისებები, ზოგადი განათლების ფართო სპექტრი და ადამიანის სამყაროს სიღრმისეული შეგრძნება ყველა თავისი ნიუანსით: რელიგიური განცდით თუ ხელოვნებისადმი არაორდინალური ლტოლვით, სხვადასხვა პროფესიის სიყვარულით. როგორც თეიმურაზ სილაგაძემ აღნიშნა, ქალბატონი მანანა ბოკუჩავა განსახიერებაა იმ მაღალი პროფესიონალისა, რომელმაც თავისი დიდი გამოცდილებითა და სულიერი სიმაღლით შეძლო მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონოდა, როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.
ქალბატონ მანანა ბოკუჩავას დამსახურებებსა და მის ახალ წიგნზე ისაუბრა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ; მან აღნიშნა, რომ ახლახან გამოცემული წიგნი - „ფსიქიატრია და ფსიქიატრები“- თავისი შინაარსით ფართო მკითხველისთვისაა განკუთვნილი და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს: ფსიქიატრიის დარგსა და ამ დარგში მომუშავე, საქართველოში ფსიქიატრიის განვითარებაში უდიდესი წვლილის მქონე ექიმებსა და მეცნიერებს ახსენებს (აცნობს) მკითხველს. ასევე, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიატრიის განვითარება საქართველოში; აღნიშნა, რომ თსსუ-ის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის ახალი კლინიკის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. იქ განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტები. ეს დიდი შესაძლებლობა იქნება დარგის განვითარებისთვის.
წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: გიორგი ნანეიშვილი, ნინო ოკრიბელაშვილი და დავით ზურაბაშვილი, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ქალბატონი მანანა ბოკუჩავას წიგნს. აგრეთვე, იყო არაერთი გულთბილი გამოსვლა დამსწრეთაგან.
მნიშვნელოვანია, რომ „ფსიქიატრია და ფსიქიატრები“ საინტერესო აღმოჩნდა სასულიერო სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იერუსალიმის წმინდა ენუქ და ილიას სახელობის დედათა სავანეს იღუმენია ევგენია (მახარაძე) და არქიმანდრიტი მიქაელი (ეჯიბიშვილი). მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი ფსიქიკური პრობლემისადმი ახლებურ მიდგომას.
დასკვნით სიტყვაში ქალბატონმა მანანა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ წიგნი „ფსიქიატრია და ფსიქიატრები“ შეიქმნა იმ პროფესიონალთა მიმართ მადლიერებისა და მოწიწების განცდით, რომლებმაც მისი პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.
საღამო დასრულდა ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ფსიქიატრის, ლევან შენგელაიას მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რომელიც ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტების მძიმე ცხოვრებას ეხება.