2023 წლის 2-8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ჯანმრთელობითი განათლების საერთაშორისო კავშირის (IUHPE) აღმასრულებელი დირექტორი ლიან კამეუ; კიოლნის ფრესენიუსის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ფილიპ ვალრეტი; ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სეირან ქოჩარიანი, კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში (სლოვაკეთი) ასისტენტი ზუზან ფაბოვა და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ბარბორა ლონკოვა. ნიტრას უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ-ს ეწვივნენ Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა თსსუ-ის სასწავლო და სამეცნიერო პოტენციალის გაცნობა და თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივების განსაზღვრა.
თსსუ-ში ყოფნისას უცხოელი სტუმრები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ სოფიო ბახტაძეს. დაათვალიერეს თსსუ-ის დეპარტამენტები: კვების ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის; ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის; ჯანმრთლობის ხელშეწყობის; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის; ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის; ფარმაკოგნოზიისა და ფარმაცევტული ბოტანიკის; ფარმაცევტული ტექნოლოგიის. ასევე ესტუმრნენ: კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს; პათოლოგიის სასწავლო სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას; ფარმაცევტული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიას.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ფილიპ ვალტერმა თსსუ-ის ჯანდაცვის ფაკულტეტის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები ციფრული ჯანდაცვის და გერმანიის ჯანდაცვის სისტემის შესახებ.
თსსუ-ის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრებზე ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ჯანმრთელობითი განათლების საერთაშორისო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიან კამეუმ ისაუბრა მომავალი პროფესიული განვითარების და პერსპექტივების შესახებ. ქალბატონმა ლიანმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ აკრედიტებულია ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ჯანმრთელობითი განათლების საერთაშორისო კავშირის მიერ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ IUHPE-ს ორგანიზებულ ფორუმებსა და კონფერენციებში.
8 ოქტომბერს შედგა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც შემუშავებული იქნა კონკრეტული სამუშაო გეგმა მიმდინარე და მომავალი წლისათვის.