სამუშაო შეხვედრა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების განვითარების სტრატეგიული დაგეგმვისთვის

სამუშაო შეხვედრა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების განვითარების სტრატეგიული დაგეგმვისთვის

2019 წლის 26-28 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევების განვითარების სტრატეგიული დაგეგმვისთვის. შეხვედრა გაიმართა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის წარმომადგენლები: ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ერასმუს+-ის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი და სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი. ვორქშოფის ტრენერები იყვნენ საფრანგეთის კოტ-დაზურის უნივერსიტეტის კვლევის მენეჯმენტის სპეციალისტები.

შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებმა იმსჯელეს და განსაზღვრეს თითოეული უსდ-ის კვლევის პოტენციალი სხვადასხვა დისციპლინებში, ტრანსდიციპლინური კვლევების შესაძლებლობები, ორგანიზაციული კავშირები, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობისა და ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები, სამეცნიერო კვლევის პოლიტიკა და მისი გატარების გზები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა. 

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს უნივერსიტეტში კვლევების განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის სქემის ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და სრულყოფილი სახით იქნეს წარდგენილი ა/წ 7-11 ოქტომბერს იგივე პროექტის ფარგლებში საფრანგეთის ქ. ნიცაში კოტ-დაზურის უნივერსიტეტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე.