საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული, ისტორიული კორპუსი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული, ისტორიული კორპუსი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. მინისტრთან ერთად, თსსუ-ს სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი.

მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მიესალმება განახლებული ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კორპუსში მიმდინარე სასწავლო პროცესს, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის.

„დღეს დავათვალიერეთ სრულად რეაბილიტირებული და განახლებული სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და ხელსაწყოებით – ყველაფრით, რაც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის.

სამედიცინო უნივერსიტეტს ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა უჭირავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნივერსიტეტების განვითარებას და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების მხარდაჭერას, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მსურს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და განსაკუთრებით სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ გარემოში”, - განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა დაათვალიერა თსსუ-ის ყველაზე ძველი კორპუსი, რომლის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობა 2023 წლის სექტემბერში დასრულდა. თსსუ-ში მინისტრი გაეცნო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციფიკას, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. დაესწრო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესით გათვალისწინებულ პრაქტიკულ აქტივობებს: კურსის ,,გახდი ექიმი“ ფარგლებში სასუნთქი სისტემის ფიზიკალური გასინჯვას - სიმულირებული პაციენტის მონაწილეობით, ასევე, ქირურგიული კერვის პრაქტიკულ მეცადინეობას. 

ბატონი გიორგი ამილახვარი ეწვია „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს“, დაათვალიერა ადამიანის გენომისა და ეპიგენომის კვლევითი ცენტრი. ასევე, მინისტრი სტუმრობდა კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს.

აღსანიშნავია კაფეტერია, რომელიც ამავე დღეს გაიხსნა. ის პირველი სასწავლო კორპუსის ვესტიბულზე დაშენდა და გათვლილია 160 პერსონაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმასპინძლა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ვიცე რექტორებმა და აკადემიურმა პერსონალმა.

მინისტრთან შეხვედრისას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ ეს დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.

„ვმასპინძლობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მან დაათვალიერა ჩვენი ყველაზე ძველი კორპუსი, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დავასრულეთ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსი.  მოხარული ვარ, რომ, ასევე შევძელით ისტორიული აუდიტორიების აღდგენა“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.