სკრინინგ-აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სკრინინგ-აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანია და თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სარძევე ჯირკვლის სკრინინგ-აქცია გაიმართა. 

კამპანიის მიზანია ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენა და საზოგადოებაში სარძევე ჯირკვლის სკრინინგის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, უკანასკნელი წლების განმავლობაში დაავადების სიხშირის მატება შეიმჩნევა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. 

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუს კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა.

ასევე, კამპანიის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებს და თანამშრომლებს დაურიგდათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა. 

აქციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია; ეროვნული სკრინინგ ცენტრი და პაციენტთა ორგანიზაცია - ონკოლაინ ჯორჯია.