სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ეზოში, აფხაზეთის ომში  გმირულად  დაცემული  სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა  და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ  მემორიალთან შეიკრიბნენ  თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: ,,ეს უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ ეს არ იყო ქართველებისა და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთის მიერ პროვოცირებული ძმათა მკვლელი ომი, სადაც გმირულად დაეცნენ ეს ბიჭები და მათთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი საამაყო ახალგაზრდა. ეს ბიჭები არ წასულან აფხაზებთან საომრად. ისინი საქართველოს ერთიანობას იცავდნენ - იმ ერთიანობას, რომელიც, საუბედუროდ, დროებით დავკარგეთ. სიმბოლურია, რომ მემორიალის შუა სვეტზე აღნიშნული სახელი - გიორგი მიროტაძე ქართველებისა და აფხაზების შთამომავალი იყო. მისი დედა ცნობილი აფხაზი ექიმის, უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ სოკრატ არშბას ქალიშვილი გახლდათ. ეს მსხვერპლი არის სიმბოლო იმ დიდი ტრაგედიისა, საიდანაც გამარჯვებული არავინ გამოსულა: არც აფხაზი და არც ქართველი“. 

ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების მშობლებმა - ლევან მიროტაძემ და ნანა ბეგიშვილმა მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციას იმისთვის, რომ არცერთ 27 სექტემბერს არ ჩაუვლია შეუმჩნევლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

,,ვიდრე ამ ბიჭების ხსოვნა ცოცხალია, ისინი ცოცხლობენ. დიდი მადლობა თსსუ-ის, რომ ასე უფრთხილდება მათ მარადიულ სიცოცხლეს!“ - აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა, რომელიც ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, თსსუ-ში ესწრება ამ ტრაგიკული თარიღის აღნიშვნას.

-„სასახელო და საამაყოა, რომ ჩვენი მშობლიური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მაღალპროფესიული კადრების გარდა, ცდილობს, მაღალი ზნეობის ქართველები აღზარდოს. ამისთვის დიდი მადლობა!“- ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ბატონმა ზურაბ ლეშკაშელმა.