სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ეზოში, აფხაზეთის ომში  გმირულად  დაცემული  სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა  და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ  მემორიალთან შეიკრიბნენ  თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: 

„ბევრი მონაწილეობდა სამედიცინო საზოგადოებიდან ამ ომში. ამ ხუთმა ბიჭმა საერთო მიზნისთვის გაიხადა თეთრი ხალათი, მათ უნდოდათ დაეცვათ თავიანთი სამშობლოს ერთიანობა, შეერიგებინათ ქართველები და აფხაზები. ისინი ჩვენი გმირები არიან: ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე.

ვფიქრობ, რომ 27 სექტემბრის ამ ვარამით დიდი იმედი ცოცხლობს ჩვენში და გვჯერა, რომ ჩვენი გმირი ბიჭების მიზანი განხორციელდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. დიდი მადლობა ამ ბიჭების მშობლებს. ჩვენ ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, სხვა არჩევანი, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების მშობლებმა - ლევან მიროტაძემ და ავთანდილ ღიბრაძემ მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყოველი წლის 27 სექტემბერს ტრადიციად იქცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ომში დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების მემორიალთან შეკრება და მათი ხსოვნის პატივისცემა.

„ერთი რამ უნდა გავითავისოთ და გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი, ეს ულამაზესი მხარე დროებით ოკუპირებულია. მალე, ყველას ერთად გვეცხოვროს გამთლიანებულ საქართველოში, ისეთში, როგორზედაც ოცნებობდნენ ჩვენი შვილები. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ასე უფრთხილდება მათ მარადიულ სიცოცხლეს. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მიროტაძის მამამ, ბატონმა ლევან მიროტაძემ.

„დღეს მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ ხვალ, ზეგ გაერთიანდება საქართველო და დავიბრუნებთ აფხაზეთს, შევხვდებით ერთმანეთს ამ ლამაზ კუთხეში. მადლობა ყველაფრისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ვიდრე ჩვენი შვილების ხსოვნა ცოცხალია, ისინიც იცოცხლებენ“, - აღნიშნა ბატონმა ავთანდილ ღიბრაძემ.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა. 

„თქვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, ყველაფერს აკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ დააფასოს ამ ბიჭების გმირობა და თავდადება ერთიანი საქართველოსთვის“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ზურაბ ლეშკაშელმა.

ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მათი სახელები დავიწყებას არასოდეს მიეცემა.