საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის (რომლის მიზანია საქართველოში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობა) ფარგლებში 28-29 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე გაიმართა ტრენინგების ციკლი ორგანოთა დონაციასა და თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოსტიკაზე.
ტრენინგების ციკლი მოიცავს როგორც სალექციო ნაწილს, ისე უშუალოდ, პრაქტიკულ მუშაობას და ის სამ ეტაპად ხორციელდება.
ტრენინგების პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 26-29 იანვარს და მიეძღვნა ინტენსიური თერაპიის ძირითად საკითხებს.
ტრენინგების მეორე ციკლი, რომელიც 28-29 აპრილს ჩატარდა, მიეძღვნა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოსტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ტრენინგები ჩაატარა თურქეთის მოწინავე კლინიკიდან მოწვეულმა ექვსმა სპეციალისტმა.
ტრენინგების მესამე ეტაპის ჩატარება ივნისის ბოლოს იგეგმება და იგი მიეძღვნება საქართველოში ტრანსპლანტაციის კოორდინაციისა და სათანადო ინფრასტრუქტურის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოდან.
ტრენინგების ციკლის კოორდინატორი საქართველოს მხრიდან არის საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. თურქეთის მხრიდან კი თურქეთის ტრანსპლანტაციის ფონდი.