ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლექცია თსსუ-ში

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ლექცია თსსუ-ში

2022 წლის 24 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია - ,,ახალი და ვერდავიწყებული გამოწვევები“.

თსსუ-ის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ფთიზიატრიის დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა ნელი სოლომონიამ, რომელმაც განიხილა ტუბერკულოზთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და აქტუალური საკითხები - წამლებისადმი რეზისტენტული და მულტირეზისტენტული ფორმები, მათი გავრცელების მასშტაბები, დიაგნოსტირების ახალი სტანდარტები და მკურნალობის  თანამედროვე პროტოკოლები.

აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 1982 წლიდან, ყოველწლიურად, 24 მარტს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.

ტუბერკულოზი განკურნებადი დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად.