ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

მიმდინარე წლის 12 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ERASMUS + -ის ევროპული პროექტების ხელმძღვანელი ანჟელა მოკა ლისიარდი და ERASMUS +-ის  პროექტების ხელმძღვანელები: ელოდი ბალონასი და სესილია ინოჟოსა. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი; ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ელენე ფაღავა; ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე; ERASMUS + ოფისის  კოორდინატორი ნინო კანდელაკი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ქეთევან დევიძე; თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური; ბავშვთა ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი ნანა გელაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის მე-6 სემესტრის სტუდენტი თამარ მაზიაშვილი.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების, შემდეგში  ERASMUS MUNDUS-ის პროგრამა Medea-ს, ახლა კი უკვე  ERASMUS + ის ფარგლებში, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და რეზიდენტები მონაწილეობენ ერთობლივ და გაცვლით პროგრამებში.

ფრანგმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს  ტულუზის პოლ საბატიერის  უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობას, იმედი გამოთქვეს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება და მასშტაბური გახდება. მათ მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს სტუმართმოყვარეობისთვის და საინტერესო შეხვედრებისთვის. განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესო იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერება.

ასევე, სტუმრები ინტერესით გაეცნენ ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის შედეგად გამოცემულ ფრანგულენოვან ჟურნალს „ეთნოფარმაკოლოგია საქართველოში“. ისაუბრეს ფარმაკოლოგიის დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

როგორც ქალბატონმა ანჟელა მოკა ლისიარდმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტი მათთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა და კიდევ მეტი მოტივაცია გაუჩნდათ, რომ ERASMUS + -ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა უფრო მრავლისმომცველი და პერსპექტიული გახდეს.